დავით ზალკალიანი - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი იყვნენ ყოველთვის მობილიზებული და მოწადინებული, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო პრიორიტეტული
დავით ზალკალიანი - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი იყვნენ ყოველთვის მობილიზებული და მოწადინებული, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო პრიორიტეტული

მინდა, ჩემი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილის მიმართ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მათთან ერთად იმ მთავრობის კაბინეტის შემადგენლობაში ყოფნა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი იყო მიღწეული, მათ შორის საგარეო მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი იყვნენ ყოველთვის მობილიზებული და მოწადინებული, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის ყოფილიყო პრიორიტეტული.

„ეს ორი ადამიანი, ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, ჩემთვის იყვნენ გამორჩეული ადამიანები და ადამიანები, ვისთან ერთადაც მე მრავალი წლის განმავლობაში მქონია ურთიერთობა. იყვნენ მართლაც ყოველთვის მობილიზებული და მოწადინებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის ყოფილიყო პრიორიტეტული. მგონი, მათი გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს. ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას კიდევ ერთხელ და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან აქვე მადლობა გადაიხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და მინისტრთა კაბინეტში წარდგენისთვის.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ვისთანაც მე დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამომიცხადა. ჩემი დღეს აქ ყოფნა კიდევ არის დასტურია იმისა, რომ მე ვაცნობიერებ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მოდის ჩემზე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრზე და იმ უწყების ხელმძღვანელზე, რომლისთვისაც დღეს ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალური გააკეთოს ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა, რათა საფრთხეები, რაც გარედან მოდის, იყოს მინიმიზებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმა, რაც დაკავშირებულია 2024 წლის განაცხადთან, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, იყოს რეალიზებული. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი და ვფიქრობ, რომ ის პრიორიტეტები, რომელზეც დღეს ვისაუბრე, ორი თვეა, გასული დამტკიცებიდან, მე შეგნებულად აქცენტი არ გავაკეთე გასული წლის საქმიანობაზე, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე ვისაუბრე. ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით, ქვეყანას მართლაც ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგი აქვს, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რა თქმა უნდა რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური გარემო, არის ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მე, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელს მეკისრება და ვფიქრობ, რომ კომიტეტის წევრებს გავეცი ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე, რაც უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი გახარიას გადადგომასა და მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების ფონზე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „დღეს აქ არ იქნებოდა“.

„ბატონმა გიორგიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ იქ იყო ძალიან სერიოზული პოლემიკა და დისკუსია ფორმასთან დაკავშირებით და ვერ მოიძებნა კონსენსუსი. მან ძალიან მკაფიოდ ახსნა ეს ყველაფერი. მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული.

ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს თანამდებობას და არავინ შეუცვლელი არ არის. მე რომ არ ვაცნობიერებდე იმ პასუხისმგებლობას ამ მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და იმ საფრთხეების გამო, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.