საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ვოლფგანგ შოიბლესთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ვოლფგანგ შოიბლესთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ვოლფგანგ შოიბლემ განსაკუთრებით აღნიშნეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ბუნდესტაგის წევრების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატება, როგორც ინტენსიური ხასიათის მაღალი დონის ვიზიტებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე გერმანელი პარლამენტარების მხარდამჭერი პოზიციებით. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს როგორც საქართველოს პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანიკური მისწრაფებების გზაზე თანამშრომლობის, რეფორმების განხორციელებისა და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რაზეც ასევე საუბარი იქნება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კიორბერის ფონდში ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაესვა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში. მინისტრმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ვითარების დეესკალაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მეირ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე მწვავედ შეფასდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი, რაც საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს, დესტრუქციულ ქმედებას და ხელს არ უწყობს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობას.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი მაღალი დონის ინტენსიურ კომუნიკაციასა და ვიზიტებს, რაც ხელს უწყობს საქართველო-გერმანიის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გერმანიის ფედერალური კანცლერის და გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს ყველა იმ პრაქტიკული დახმარებისთვის, რასაც გერმანია ახორციელებს საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ წინსვლას და საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორცილებას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერლინს ვიზიტით 24-26 ნოემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში.