დავით ზალკალიანი - გემოვნების საკითხია, ზოგს ჰგონია, რომ ბელარუსთან დაკავშირებით არ გვქონდა ხისტი განცხადება, მაგრამ მე გეუბნებით, ჩვენი განცხადება იყო მკაფიო
გემოვნების საკითხია, ზოგს ჰგონია, რომ ბელარუსთან დაკავშირებით არ გვქონდა ხისტი განცხადება, მაგრამ მე გეუბნებით, ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საკითხთან დაკავშირებულ განცხადებაში რატომ არ იყო ნახსენები ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და დააწესებს თუ არა საქართველო სანქციებს.
„ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ, არის თუ არა ნახსენები სახელი და გვარი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ბევრი ჩვენი ევროპელი კოლეგის მსგავსი განცხადება ვიხილეთ, სადაც იყო მოწოდება; მაშინ იყო საჭირო მყისიერი რეაგირება იმისთვის, რომ მყისიერად გათავისუფლებულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ. ჩვენს განცხადებაში ეს მოწოდება გავაკეთეთ, შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას და თუკი ნახავთ ევროკავშირის განცხადებას, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო, შავით თეთრზე ყველაფერი წერია, მათ შორის სახელებიც, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე აპელირება და ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების სულისკვეთებას და საქართველო არის ხელისმომწერი ამ ერთობლივი განცხადების, შეგიძლიათ, იხილოთ და ყველა კითხვაზე გაცემული იქნება პასუხი.
რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ფრენა, ქართული ავიაკომპანიები არ დაფრინავენ ბელარუსის მიმართულებით. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ; პირველ რიგში ის, რომ პანდემიის პირობებში ფრენები თუ არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით; ამიტომ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით ვუდგებით ამ საკითხს, ძალიან პასუხისმგებლობით იმისთვის, რომ ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა, თუნდაც სამშობლოში დაბრუნების კუთხით. ასევე, კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია უკვე საქართველოში მოღვაწეობს, რომელსაც ჰყავს თავისი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ის ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ბელარუსები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ფასეულობა, რა არის განვითარება, ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ ეს ყველაფერი; ამიტომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორციელეთ ბევრი მიმართულებით.
ეს გემოვნების საკითხია, თქვენ გგონიათ, რომ არ იყო ხისტი განცხადება, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, მე არ მაინტერესებს ეს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტროს განცხადებას; ჩემთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომ ჩვენი მყისიერი მოწოდება იყო, რომ ყველა, მათ შორის იმ პიროვნების, ვისი დაკავებაც მოხდა, ყველაზე იყო საუბარი, რომ ყველა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტიკას, კონკრეტიკა არის ევროკავშირის განცხადებაში, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკში, სადაც პოლიციამ ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა დააკავა. მომხდარს დასავლეთმა „სახელმწიფოს მხარდაჭერილი მეკობრეობა“ უწოდა. ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, არ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში და ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენას აუკრძალავენ. ბელარუსის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო.