დავით ზალკალიანი - გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმისა და ერგნეთის შეხვედრები დაუყოვნებლივ არის აღსადგენი, გვაქვს მონაცემები, რომ მარტის დასაწყისში ამ მიმართულებით გადადგმული იქნება ნაბიჯები
დავით ზალკალიანი - გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმისა და ერგნეთის შეხვედრები დაუყოვნებლივ არის აღსადგენი, გვაქვს მონაცემები, რომ მარტის დასაწყისში ამ მიმართულებით გადადგმული იქნება ნაბიჯები

გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა შეჩერებულია, ერგნეთის მიმართულებითაც შეჩერდა, მაგრამ დაუყოვნებლივ არის აღსადგენი და ჩვენ გვაქვს პირველი პოზიტიური მონაცემები, რომ მარტის დასაწყისში ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა.

დავით ზალკალიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საერთაშორისო პლატფორმაზე გამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებასა და ფორმატებზე, ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია.

„28 იანვარს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჩვენი მხარის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება დეტალურად იქნა განხილული და ამას მოყვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურებები. 3 თებერვალს საქართველოს ინიციატივით გაიმართა დებატები ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე და სწორედ დღის წესრიგში ჩვენი ინიციატივით იქნა შეტანილი, წევრი სახელმწიფოების მხრიდან იყო ძალიან მკაფიო განცხადებები. 9 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე ტიტუს კორლეტიანმა და კლოდ კერნმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გითხრათ აქ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგნელებს იმ აქტიური კომუნიკაციისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ მომხსენებელთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, 10 თებერვალს საქართველოს ინიციატივით გაიმართა დებატები ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე და დღის წესრიგში, კვლავ საქართველოს ინიციატივით ზაზა გახელაძის საკითხი იქნა შეტანილი.

„11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე ასევე იყო მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების უკანონო ქმედებაზე და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა მას. ეს საკითხი იყო ასევე განხილული სულ ბოლოს, როდესც რამდენიმე დღის წინ მე აქ ვუმასპინძლე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ ანა ლინდეს და სწორედ ამ მიმართულებით, მომავალში, თავმჯდომარეობის მხრიდან ჩვენთან ერთად კოორდინაციით გადასადგმელ, მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმდით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ აუცილებლად აღსადგენია ინციდენტების პრევენციისა და მექანიზმების შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორედ ასეთი ინციდენტების დროს, სწრაფი რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა შეჩერებულია, ერგნეთის მიმართულებითაც შეჩერდა, მაგრამ დაუყოვნებლივ არის აღსადგენი და ჩვენ გვაქვს პირველი პოზიტიური მონაცემები, რომ მარტის დასაწყისში ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები. მე ვუბრუნდები ჩვენი საკითხების აქტუალიზაციას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და რუსეთის ფედერაცაისთან საკითხის მუდმივად დაყენებას, ქალბატონი ანა ლინდე, როდესაც მოსკოვში იმყოფებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, მან ძალიან მკაფიოდ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ეს მან თავის საჯარო განცხადებაშიც გააჟღერა“, – განაცხადა ზალკალიანმა.