დავით ზალკალიანი გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში – „გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოსვლაში დავით ზალკალიანი ისაუბრებს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მდგრადი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს პრინციპების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.