დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიროსლავ იენჩას. მთავარი საკითხები, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს,ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო.

„შეხვედრაზე ორი ძირითადი თემა იყო მთავარ საკითხებს შორის – რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, უკანონო დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. გაერო-ს, როგორც ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი მთავარ აქტორს, მნიშვნელოვანი როლი აქვს იმისთვის, რომ სიტუაცია წაიყვანოს დეესკალაციის მიმართულებით. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. დაისვა ზაზა გახელაძის საკითხიც, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება.

ჟენევის ფორმატზე გვქონდა დეტალური საუბარი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი უფრო ეფექტიანი გახდეს და მისი ინსტრუმენტები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული იმ მთავარი პრინციპების შესრულებისთვის, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაბრუნების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მთიანი ყარაბაღის ესკალაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვან სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწია. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მცდელობებს, რომ დაახლოებულიყო მხარეთა პოზიციები ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის მიმართულებით და გამოითქვა იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ფასილიტაციის პროცესი, საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში, როგორც მშვიდობისმყოფელი და გრძელვადიანი სტაბილურობის, მშვიდობის მისაღწევად გვექნება გაერო-ს მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი