დავით ზალკალიანი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში
დავით ზალკალიანი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

„აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე იქნა განხილული რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე. ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიშელი ასევე გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

„ყურადღება გამახვილდება როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს”,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, საქართველო აქტიურად მუშაობს სამიტზე ასოცირებული პარტნიორებისთვის მეტი ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და გაზიარებული აქვს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები.

„ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ „კოვიდ-19“-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით. ეს ვიზიტი ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი”,-განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრებზე ბუნებრივია, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს.

„საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში, დიალოგის რეჟიმში გადატანით. ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული ყველა დონეზე და დიალოგს და პროცესების კონსტრუქციულად განვითარებას ემხრობიან ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან”,- განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის ინფორმაციით, ეს არის შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტების დროს/საპასუხოდ და წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტი დაიგეგმა სამივე ასოცირებულ ქვეყანაში.