დავით ზალკალიანი ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
დავით ზალკალიანი ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის პირველ ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში – „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორები: მედეგობისთვის განვითარების დღის წესრიგის შემუშავება“.

ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ათწლიანი პერიოდის შეფასებასა და 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შესახებ დისკუსიას ისახავს მიზნად.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლზე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და ევროკავშირთან დაახლოებაში.

„10 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპა და ექვსივე პარტნიორი ქვეყანა დააახლოვა ევროკავშირთან, მათი ინდივიდუალური ამბიციების, სურვილებისა და მიზნების გათვალისწინებით. ჩვენ გვაერთიანებს სახელმწიფოს, ინსტიტუციებისა და საზოგადოების გაძლიერების საერთო მიზანი, როგორც საწყისი წერტილი, რომელიც გზას გაგვიკვალავს უფრო დიდი ნიშნულისკენ და აიყვანს ამ პარტნიორობას ახალ დონეზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის გათვალისწინებით, საქართველოს, როგორც ასოცირებულ პარტნიორს, ყველზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და მიმოიხილა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამ მიმართულებით.

ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლის მარტში მოხერხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფიზიკური სამიტის ჩატარება ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობით.

კონფერენცია ორდღიანია და მასში ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, პარტნიორებისა და სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი