დავით ზალკალიანი - ევროკავშირი მადლობელია პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ამ უაღრესად დაძაბულ ფონზე და ვართ მობილიზებული, მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით.
ზალკალიანის თქმით, ევროკავშირი მადლობელია პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ამ უაღრესად დაძაბულ ფონზე.
„მინდა, საზოგადოებას ვაუწყო იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომუნიკაციის შესახებ, რომელიც დღეს და ბოლო დღეებში გვქონდა უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით. დღეს მე მქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის თავმჯდომარესთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლე დრიანთან; ბუნებრივია, საუბრის ძირითად საკითხი იყო უკრაინაში მიმდინარე აგრესია და ის, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რა ნაბიჯებს დგამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ჩვენ განვიხილეთ ასევე საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ და ჩვენი სოლიდარობა უკრაინასთან რუსეთის აგრესიის ფონზე, ის განხორციელებული მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილები, ევროკავშირი არის მადლობელი ამ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ამ უაღრესად მძიმე, დაძაბულ ფონზე და ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება ასევე მიპყრობილია იქითკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე ახსოვს საქართველო, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს აქვს უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და ბუნებრივია, მასთან საუბრის საკითხიც იყო უკრაინა, უკრაინის კრიზისი და ასევე აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერების მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.
„ევროკავშირი არის საქართველოსთან ერთად, ეს მე დამიდასტურა უმაღლესმა ევროკავშირის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ სოლიდარობა, რომელიც საქართველომ გამოამჟღავნა უკრაინის მიმართ, არის ძალიან კარგად დანახული და დაფასებული ბრიუსელში და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე და იმ ერთიანობაზე, რომელიც აუცილებელია, რომ იყოს გამოვლენილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
მქონდა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან და სწორედ ამ საუბარში ასევე იყო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ თუკი რუსეთის უკრაინაში აგრესია იქნება წარმატებული, ეს თავდაყირა დააყენებს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე დღის წესრიგს და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთნი, იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული აგრესიის შემდგომი განხორციელება და დაუყოვნებლივ უნდა იყოს იგი დასრულებული და ჩვენ აშშ-სთან ვიქნებით სრულ კოორდინაციაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, ზალკალიანის თქმით, მუდმივ კავშირზეა უკრაინელ კოლეგასთან.
„მე მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მუდმივ კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დიმიტრო კულებასთან; იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ მიუნხენში მე მას ფიზიკურად შევხვდი, მაგრამ ბოლო სამი დღის განმავლობაში მე მასთან მუდმივად ვარ სატელეფონო კავშირზე და ჩვენი სოლიდარობა არაერთხელ იყო დადასტურებული მასთან საუბრის დროს. მოგეხსენებათ, რომ შევხვდი ასევე უკრაინის ელჩს, იმ სამი სატელეფონო საუბრის პარალელურად გვქონდა ელჩთან მუდმივი კომუნიკაცია, პრემიერ-მინისტრის დავალებით მე ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს და უკვე დღეს ვიხილეთ კონკრეტული შედეგები, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება უკვე არის მობილიზებული და ჩვენ აუცილებლად ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს ამ დახმარებას საქართველოს პრემიერის და მთავრობის სახელით მივაწვდით. გარდა ამისა, უკრაინელი მოქალაქეებს, რომლებიც არიან საქართველოში დარჩენილი, უსასყიდლოდ მიეწოდებათ თავშესაფარი და ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ ადგილზე, იმისთვის რომ შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.