დავით ზალკალიანი - ევროკავშირი ამბობს, რომ იღებს მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რაღაც ნაწილში კი აღნიშნავს, რომ ეს არასაკმარისია
დავით ზალკალიანი - ევროკავშირი ამბობს, რომ იღებს მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რაღაც ნაწილში კი აღნიშნავს, რომ ეს არასაკმარისია

მინდა, ძალიან კარგად ვისწავლოთ ჩვენი პარტნიორების განცხადებების კითხვა და არ წარმოვაჩინოთ იმ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ გადაუხვია დასავლურ კურსს და ინტეგრაციულ პროცესებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გუშინდელ განცხადებაში ყველაფერი მკაფიოდ იყო ნათქვამი.

„ძალიან მკაფიოდ ითქვა გუშინდელ განცხადებებში, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას, არ მოითხოვოს მიკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შესრულება. ხაზს ვუსვამ – საკმარისად, რადგანაც ეს არის საკვანძო სიტყვა ამ განცხადებაში. აქ არის სწორედ პრობლემა. ევროკავშირი აღნიშნავს რაღაც ნაწილში, რომ იღებს მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რაღაც ნაწილში კი, ამბობს, რომ ეს არასაკმარისია.  არავინ უარყოფს ამას, რომ ეს პირობითობა იყო. ჩვენი პოზიცია არის დაფუძნებული იიურისტების სამართლებრივ შეფასებებსა და ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებზე. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას“,- განაცხადა ზალკალიანმა.