დავით ზალკალიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელსა და გენერალურ მდივანს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენლებს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს ეუთო-ს საპარლამენტო განზომილების მუშაობას. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, მოსახლეობის უკანონო გატაცების, დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებზე, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს და ამ კონტექსტში ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება.
მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.