დავით ზალკალიანი - ესპანეთი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილის მადრიდში ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი იქნება
დავით ზალკალიანი - ესპანეთი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილის მადრიდში ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება ასევე მადრიდში. პრემიერ-მინისტრს აქვს დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები. იქ იმართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, სწორედ საქართველო იქნება მასპინძელი. პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ეკონომიკისთვის, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა, ფორმატი იქნება გამოყენებული, რომ საქართველოს პერსპექტივები იყოს კარგად წარმოჩენილი ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„გვეყოლება ასევე მაღალი დონის სტუმარი გამოფენის გახსნის დროს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ნაყოფიერი, რათა განვიხილოთ ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოგეხსენებათ, ესპანეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში, ასევე, ჩვენი ევროპული და ევრაატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება უაღრესად ნაყოფიერი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად წაადგება ქვეყანას ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი არის ქართველი, რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ზალკალიანის თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავისი პროფესიონალიზმითა და უდიდესი გამოცდილებით წაადგება პირველ რიგში საქართველოს ცნობადობას.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოფიციალური პირების ყოფნა და მათი არჩევა. სწორედ ამ კონტექსტში, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა განვახორციელეთ. ვფიქრობ, ბატონი ზურა თავისი პროფესიონალიზმით, იმ უდიდესი გამოცდილებით, რომელიც მას აქვს, როგორც დიპლომატიურ სამსახურში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და შემდეგ უკვე მისი პირველი ვადის დროს, ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, წაადგება რა თქმა უნდა ქვეყანას, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. გახსოვთ, რომ მძიმე პერიოდში, პანდემიის დროს, საქართველოში გაიმართა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა და ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება, რათა ჩვენი ცნობადობა გაიზარდოს, ის, თუ როგორი წარმატებით გაართვა ქვეყანამ თავი პანდემიას, როგორ გამოვდივართ ამ პროცესიდან და როგორ თანმიმდევრულად იხსნება ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ასე რომ, ამ ორგანიზაციას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრება, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის FITUR-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 19-23 მაისს გაიმართება.

ამასთან, საქართველოს პრემიერს მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.