დავით ზალკალიანი - ერთიანი ძალისხმევით მოხერხდა, რომ საქართველო მუდმივად იყო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის
დავით ზალკალიანი - ერთიანი ძალისხმევით მოხერხდა, რომ საქართველო მუდმივად იყო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ელჩების კონფერენცია 2019“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ზალკალიანის თქმით, კონფერენცია ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას და წლევანდელი კონფერენციის ლოზუნგია, „საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საერთო ღირებულებების, ფასეულობებისა და თავისუფლებისთვის“.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობა ემთხვევა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების  20 წლის თავს და ამ ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს. ჩვენთვის, როორც ევროპის საერთო ღირებულებების  მატარებელი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა  და ამავე დროს, გამოწვევა. მაქსიმალურად, მთელი დიპლომატიური კორპუსი , როგორც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა იქნება მობილიზებული, რათა პრიორიტეტები, რომელიც მიმდინარე წლის 27 ნოემბერს სტრასბურგში წარვადგინეთ  ევროპის საბჭოს წინაშე, იყოს შესრულებული, და ამგვარად ჩვენ ამ ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასხუოთ. ის ოთხი პრიორიტეტი, რომელიც უკვე ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის განვითარება, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის  ჩართულობით, ეს არის ამ ორგანიზაციის წინაშე დღეს არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. ბუნებრივია, ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, იმ მრავალრიცხოვანი ფორუმებითა და ღონისძიებებით, რომელიც დაგეგმილია, როგორც სტრასბურგში, ისე თბილისში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს ამ ორგანიზაციის ღირსეული წევრი ქვეყანა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ელჩების კონფერენციაზე საუბარი შეეხება 2019 წელს მიღწეულ შედეგებს, შეჯამდება დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა მიმდინარე  წლის განმავლობაში, ასევე, ისაუბრებენ პრიორიტეტებზე და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

„საქართველოს წინაშე არსებული საგარეო პოლიტიკური გამოწვევები უნდა იყოს ადეკვატურად შეგებებული ჩვენი დეიპლომატიური კორპუსის საქმიანობით და ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებისა, რომლებიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში“ ,- დასძინა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ერთიანი ძალისხმევით მოხერხდა, რომ საქართველო მუდმივად იყო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის.

„არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი  საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ტრიბუნა არ ყოფილიყო გამოყენებული, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმწვავესი სიტუაცია, განსაკუთრებით ჰუმანიტარული კუთხით და განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიმართულებით, არ ყოფილიყო მკაფიოდ ხაზგასმული ჩვენი დელეგაციების მრიდან, ამას არ ჰქონოდა შესაბამისი რეგაირება საერთაშორისო თანამეგობერობისგან“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„ეს ასახულია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, საქაერთველოს კონსტიტუციაში, საქართველოს პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში, მთავრობის დადგენილებაში ნომერ პირველ პრიორიტეტად არის გამოტანილი საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით წლევანდელი წელი უაღრესად წარმატებული იყო.

„საქართველო, ფაქტობრივად, მოქმედებს, როგორც მოკავშირე, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ეს არის აღიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ავღანეთის სწრაფი რეაგირების მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზე.

„საქართველო სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი  არის. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი სამხედროების  ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ ამ ოპერაციას, 32 დაღუპული ჩვენი სამხედრო შეეწირა  საერთაშორისო გამოწვევის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი. ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც ამ ადამიანებმა გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სიცოცხლის ფასად გაიღეს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.