დავით ზალკალიანი - ელჩების კონფერენციაზე განვიხილავთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც გახლავთ სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ელჩების კონფერენციაზე განვიხილავთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ვიწყებთ ელჩების კონფერენციას, რომელიც წელს პირველად, ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი ახალი სიახლე გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა ძირითად მიმართულებაზე და ყველა აქტუალურ საკითხზე. წელს პირველად გვექნება თემატური განხილვები. თუკი წინა წლების განმავლობაში ელჩები ძირითადად ისმენდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრიორიტეტულ მიმართულებებს და ასევე იყო საუბარი მომავალ საქმიანობაზე, წელს უფრო მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და თემატურ პანელებზე განვიხილავთ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, ისე ეკონომიკური დიპლომატიის ძირითად მიმართულებებს. ასევე გვექნება საუბარი მთავარ პრიორიტეტებზე, რაც გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წლევანდელი ელჩების კონფერენციის შეფასებისას.
დავით ზალკალიანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის, გამომდინარე იქიდან, რომ მას უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია და საბჭო განიხილავს ელჩების ჩართულობით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. მინისტრის თქმით, წელს, პირველად, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია იქნება მთავრობის მიერ დამტკიცებული.
„ვისაუბრებთ მომავალ პერსპექტივებზე და შევაჯამებთ გასულ წელს. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და ასევე ძალიან ამბიციური ამოცანები გვაქვს მომავალი წლისთვის, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ისე იმ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. წლევანდელი ელჩების კონფერენციის მთავარი ლაიტმოტივი იქნება თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება, რაც გახლავთ საქართველოს მთავრობის ძირითადი ლოზუნგი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვასრულოთ ეს პროგრამა, ქართული დიპლომატიაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება ფოკუსირებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო შევიდა ახალ ფაზაში და საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან გადავიდა საპარლამენტო მოდელზე.
„არჩეულია პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობა, საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას სწორედ სალომე ზურაბიშვილმა ჩაუყარა საფუძველი მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, რომელიც მან ჩამოაყალიბა საინაუგურაციო სიტყვაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.