დავით ზალკალიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა, მიუხედავად ამ პაუზისა, ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა დისტანციურად
დავით ზალკალიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა, მიუხედავად ამ პაუზისა, ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა დისტანციურად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ბუნებრივია, ეს არ იყო სასიამოვნო პროცესი ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ, ქვეყანა რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართლებრივ სახელმწიფოს, მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ინსტიტუტებს და საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს. ძალიან კარგია და ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ ამას ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ელჩს უკვე ჰქონდა შეხვედრა მინისტრთან. ხვალ მექნება მინისტრთან შეხვედრა. დავიწყებთ უკვე კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მიუხედავად ამ პაუზისა, მინდა, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა, რა თქმა უნდა, დისტანციურად. მქონდა ხშირი კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. მუდმივად ვცვლიდით პოზიციებს, რადგანაც ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, იგივე ოკუპაციასთან დაკავშირებით, იგივე ევროკავშირში ინტეგრაციასთნა მიმართებაში. უკრაინა, საქართველო, მოლდოვასთან ერთად, როგორც ასოცირებული წევრი ქვეყანა, სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეს სამი ქვეყანა დიფერენციის პრინციპზე დაყრდნობით კიდევ უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირში. აქაც საჭიროა კოორდინაცია, ისევე როგორც ნატო-ს მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი ხვალინდელი ორმხრივი შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო იქნება. ჩვენ ერთგვარად შევაჯამებთ დღეს არსებულ სიტუაციას და დავსახავთ სამომავლო გზებს და პერსპექტივებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მიმდინარე წლის 21 აპრილს დაბრუნდა კიევში და შეუდგა მოვალეობების შესრულებას.