დავით ზალკალიანი - დეოკუპაციის მიმართულებით რუსეთი ნაბიჯს ვიდრე არ გადადგამს, რაიმე სახის ურთიერთობასა და დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საუბარი ზედმეტია
დავით ზალკალიანი - დეოკუპაციის მიმართულებით რუსეთი ნაბიჯს ვიდრე არ გადადგამს, რაიმე სახის ურთიერთობასა და დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საუბარი ზედმეტია

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში წითელი ხაზი გადის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის გააქტიურებას და აღნიშნა, რომ ვიდრე რუსეთის ფედერაცია დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯებს არ გადადგამს, ამაზე საუბარიც ზედმეტია.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობაში შესვლა დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით, რადგან მთავარი პრობლემა არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომ სანამ დეოკუპაციის მიმართულებით არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, რაიმე სახის ურთიერთობასა და დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენი საქმიანობა კვლავინდებურად მიმართული იქნება დეოკუპაციისკენ, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, რათა საერთაშორისო ვალდებულების შესრულება იყოს მთავარი.

მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციის, იგივე გლობალური გამოწვევების და ყველა პრობლემის თავი და თავი არის რუსეთის მხრიდან ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობა, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ იგივე უკრაინასთან, იგივე დნესტრისპირეთთან მიმართებით ყველა მოუგვარებელი კონფლიქტი დაკავშირებულია რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებთან. ამიტომ აქ ჩვენ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავს, მთლიანად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამ მიმართულებით ყველა ჩვენს ევროპელ თუ არაევროპელ პარტნიორთან ერთად, კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, რომ რუსეთზე ზეწოლა რაც შეიძლება გაიზარდოს და მან თავი იგრძნოს არაკომფორტულად, მუდმივად მოუწიოს იმ პოიზიციაში ყოფნა, სადაც მოუწევს ახსნა, რატომ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკა აქვს და ძალის არგამოყენების ვალდებულებას ასრულებს.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ აღებული გვაქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელიც არის იურიდიულად სავალდებულო. ამიტომ ამჟამად ჯერი არის რუსეთის ფედერაციაზე. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს – რუსეთმა ამ ძალის არგამოყენების საერთაშორისო ვალდებულებას მსგავსი ნაბიჯით უპასუხოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენ ერთგული ვართ ყველა ნაკისრი ვალდებულების და არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ დეესკალაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრ პრაქტიკულ ნაბიჯს ვდგამთ და მომავალშიც გადავდგამთ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში წითელი ხაზი გადის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.