დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა ყოველთვის იქნება ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში, ოპონენტების კრიტიკას არ გავიზიარებ
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა ყოველთვის იქნება ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში, ოპონენტების კრიტიკას არ გავიზიარებ

მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა იყოს მოწინავე პოზიციებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, პარტნიორების მიმართ მუდმივად აქვთ თხოვნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მაღალ დონეზე იყოს და ამ კუთხით ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს.

„ეს არაერთხელ ყოფილა გაცხადებული მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ოფიციალური თუ არაოფიციალური კომუნიკაციებისას. რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ბლინკენთან ჩემი ბოლო სატელეფონო საუბრისას, ერთ-ერთი მთავარი თხოვნა სწორედ ის იყო, რომ შეხვედრისას პრიორიტეტულ საკითხებს შორის საქართველოს თემატიკა უმაღლეს დონეზე ყოფილიყო. ფილიპ რიკერის თბილისში ვიზიტის დროს მასთან პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი საუბრის მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო იგივე საკითხი, ამერიკა-რუსეთის სამიტზე საქართველოს თემატიკის აქტუალიზაცია.

სენატორების შაჰინისა და პორტმანის საქართველოში ვიზიტის დროსაც ეს თემა იყო მთავარი თხოვნა. ჩვენ მუდმივად მთავარი თხოვნა გვაქვს, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება თუ სამიტი, საქართველოს საკითხი რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ გავიზიარებ ოპონენტების კრიტიკას თუ შენიშვნას, რადგან ფაქტები, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ეს თვალნათლივ ვიხილეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უპრეცედენტოდ დიდია. რაც შეეხება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, საკითხზე საუბრისას ზალკალიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  მათი შეხვედრის კონტექსტი ყველამ გააანალიზოს.

სამიტზე საუბრისას ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი პრესკონფერენციიდან გაცხადებული იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეებს, რაშიც საქართველოც იგულისხმება.

ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თემატიკა როგორც აქამდე, ისე მომავალშიც აუცილებლად იქნება ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში.

„უპრეცედენტოდ მაღალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია უმაღლესი დონის შეხვედრებზე. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ ამ შეხვედრის კონტექსტი. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ასეთ დაბალ ისტორიულ ნიშნულზე არასდროს ყოფილა, ისინი თითქმის მისული არიან ე.წ. ცივი ომის ზღვარზე. აქედან გამომდინარე, განსახილველი საკითხების თემა იყო ძალიან დიდი. ორ საათს გაგრძელდა ეს შეხვედრა და არავინ იცის, იქ რა დეტალებზე იყო საუბარი. რაც პრესკონფერენციაზე გავიგეთ იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეებს. რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა საქართველო იგულისხმება ამ მოკავშირეებში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

ასევე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ არის, რომ შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებით და ეს დიალოგი სრულმასშტაბიანი ფორმატით შემდგომ გაგრძელდება სხვა უწყებების დონეზე. აქაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა იქნება, რადგან ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ძალიან მკაფიოდ ახსენა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ დღევანდელი მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგი დარღვეულია, რადგან რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ამერიკა-ევროკავშირის სტრატეგიაში კი პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით დარღვეულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ანუ, შესაძლოა, სახელობითად არ ყოფილიყო პრესკონფერენციაზე საქართველო ნახსენები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა როგორც აქამდე, ისე მომავალშიც აუცილებლად იქნება ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.