დავით ზალკალიანი - ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი
დავით ზალკალიანი - ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი

13 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. ეს მართლაც გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობა და ტკივილი. მსურს, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის გმირებს, ვინც ყველაზე სანუკვარი რამ, სიცოცხლე შესწირა სამშობლოს, მის ერთიანობას. მათი ხსოვნა გვაძლევს კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას, რათა მშვიდობის გზით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, მათი და ჩვენი შვილების სანუკვარ ოცნებას, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე.

მინისტრის თქმით, რუსეთმა, სწორედ წლების წინ საქართველოში განხორციელებული აგრესიით, დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ უსაფრთხოებას, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და დღესაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევას. მისივე თქმით, ომის 13 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობამ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის სახით, სამართლებრივი შეფასება მისცა რუსეთის ქმედებებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით კვლავაც აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ უმწვავესი გამოწვევისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს გახლავთ უნიკალური, ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ეროვნული ჩართულობით, შემუშავდეს შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ევროპულ, დემოკრატიულ საქართველოში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის მიმზიდველი შესაძლებლობებით, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი