დავით ზალკალიანი - ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვიყენებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც 2012 წლამდე მივიწყებული იყო
დავით ზალკალიანი - ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვიყენებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც 2012 წლამდე მივიწყებული იყო

ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვიყენებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც 2012 წლამდე საერთოდ მივიწყებული იყო და 2008 წლის შემდეგ, არც ერთხელ არ განხილულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, პარტნიორების მხარდაჭერით როგორ ხდება უმაღლეს ფორუმებზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, საკუთარი მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მუდმივად როგორ ახდენს უმაღლეს ფორუმებზე, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვიყენებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც 2012 წლამდე საერთოდ მივიწყებული იყო და 2008 წლის შემდეგ, არც ერთხელ არ მომხდარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის განხილვა. ამიტომ ეს არის შედეგი იმ საქმიანობის, მუშაობის, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე თბილისში იმყოფებოდა. მე მას ვთხოვე, რომ ყველა ფორმატი გამოყენებულიყო, რათა საქართველოში უკანონო ოკუპაციის თემა რაც შეიძლება მწვავედ ყოფილიყო დაყენებული. ეს გაჟღერდა კიდეც გუშინ, უშიშროების საბჭოს ფორმატში მიმდინარე დებატების დროს.

მივესალმებით ასეთ მკაფიო შეფასებებს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან, ასევე ძალიან ბევრი დელეგაცია გამოვიდა უშიშროების საბჭოს ფორმატში. მათ შორის იყო აშშ-ის,  ნორვეგიის გამოხმაურება და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან. ეს არის სწორედ ის ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია – მუდმივად, უმაღლეს ფორმატებში, საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენი დღის წესრიგის 24-საათიანი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ ყველა უმაღლესი ფორმატი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.