დავით ზალკალიანი - აშშ-ის სენატში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის ერთგვარი პასუხი კრიტიკაზე, თითქოს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალია
დავით ზალკალიანი - აშშ-ის სენატში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის ერთგვარი პასუხი კრიტიკაზე, თითქოს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ზოგადად, ამერიკის სენატში მოსმენა არის ერთგვარი პასუხი ოპონენტების კრიტიკაზე, თითქოს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან გამქრალია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრობაზე საუბრები ძალიან არასერიოზულია მაშინ, როდესაც საქართველოში გერმანიის კანცლერი ჩამოდის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

„ამერიკის სენატში ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს უთმობენ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირიმში არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული ინტერვენცია, პირველი ინტერვენცია იყო 2008 წელს საქართველოში.