დავით ზალკალიანი - აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას
დავით ზალკალიანი - აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.  ამ კონტექსტში აღინიშნა დავით ზალკალიანის მიერ, აშშ-ის ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილი წერილის მნიშვნელობა, სადაც ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და მზაობა აშშ ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გასაძლიერებლად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე და განსაკუთრებული აქცენტია დასმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობის თაობაზე, რასაც მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 19 იანვარს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კვლავ მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება.

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცისა და საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი ორპარტიული მხარდაჭერის დადასტურებაა აშშ-ის კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული უმნიშვნელოვანესი საკანონდებლო აქტები, მათ შორის,  აშშ-ის 2021  წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და აშშ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი.

„აშშ კონგრესის მიერ ბოლო წლების მანძილზე მიღებული უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტები მკაფიოდ ასახავს აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ზრდის ტენდენციას და საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ორპარტიულ მხარდაჭერას ამ დინამიური პროცესისადმი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აშშ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი წელსაც შეიცავს უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და  უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. მინისტრობის კანდიდატის შეფასებით,  ხაზგასასმელია, რომ წელსაც შენარჩუნებულია საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული, რაც 132 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს და ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მნიშვნელობას, რაც მისი შეფასებით, საქართველოსა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული კანონპროექტის – „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ხელახალი ინიცირების მნიშვნელობა, რაც ზალკალიანის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის კუთხით გადადგმული ნაბიჯია.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და მასში გათვალისწინებულია სანქციების მექანიზმები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.