დავით ზალკალიანი - არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გავუგზავნეთ მოსაწვევი, საერთაშორისო მონიტორინგის ფორმატი სრულად იქნება უზრუნველყოფილი
დავით ზალკალიანი - არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გავუგზავნეთ მოსაწვევი, საერთაშორისო მონიტორინგის ფორმატი სრულად იქნება უზრუნველყოფილი

არჩევნებისთვის მზადება ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ოფიციალურად აგზავნის მოპატიჟებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნეს მოსაწვევი, ეუთო/ოდირის მისია კი უკვე საქართველოშია და საარჩევნო პროცესს აკვირდება.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მოკლევადიანი დამკვირვებლები უახლოეს მომავალში ჩამოვლენ.

„ჩვენ ეს ჯერ კიდევ აპრილის თვეში გავაკეთეთ, როდესაც თარიღიც კი არ იყო ცნობილი და შემდეგ მეორე მოსაწვევი გაიგზავნა კონკრეტული თარიღის მითითებით. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ ეუთო/ოდირის მისია, გავუგზავნეთ მოსაწვევი, ისინი უკვე აქ არიან, საქართველოში არიან.

მონიტორინგის შედეგები ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე აქ არის, აკვირდება საარჩევნო პროცესს და არიან უშუალოდ მოკლევადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ და ეუთო სრულმასშტაბიანად იქნება წარმოდგენილი, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი გვეყოლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ არჩევნებს განსაკუთრებული განზომილება აქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, არჩევნებზე დასაკვირვებლად ასევე ჩამოვა ევროპარლამენტის დელეგაციაც და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასებები იქნება.

„ადგილობრივი არჩევნების დროს ნაკლებად ჩამოდიან ხოლმე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეიდან, მაგრამ წლევანდელი ჩვენი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ასევე ევროპარლამენტის დელეგაციაც და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

საერთაშორისო მონიტორინგის ფორმატი იქნება სრულად უზრუნველყოფილი და თქვენ უკვე იხილეთ, რომ პირველი წინასწარი ანგარიში ეუთო/ოდირის მისიამ უკვე გამოაქვეყნა. მისასალმებელია ეს ანგარიში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც დააკვირდება ჩვენს არჩევნებს, რადგანაც ეს აუცილებელია არჩევნების ლეგიტიმაციისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.