დავით ზალკალიანი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მეზობლებს საქართველოს ვთავაზობდით სამშვიდობო მოლაპარაკების პლატფორმად, ეს იყო შეთავაზება, რაც გაახმოვანა პრეზიდენტმა
დავით ზალკალიანი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მეზობლებს საქართველოს ვთავაზობდით სამშვიდობო მოლაპარაკების პლატფორმად, ეს იყო შეთავაზება, რაც გაახმოვანა პრეზიდენტმა

რამდენიმე დღის განვმარტე, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც მან ეს ინიციატივა გააჟღერა. პრეზიდენტი არ გულისხმობდა რომელიმე სხვა ინიციატივაზე მიერთებას, რომელიც სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იყო გაჟღერებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც პრეზიდენტი კავკასიური პლატფორმის შესახებ საუბრობს.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არაერთხელ გაჟღერდა ქართული მხარისგან.

„ვიდრე პარტნიორი წევრი ქვეყნები საკუთარ ინიციატივას გააჟღერებდნენ, მანამდე, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ, მათ შორის უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრის შემდეგ, გამოვედით და განვაცხადეთ, რომ ვთავაზობთ თბილისს, საქართველოს ჩვენს მეზობლებს, როგორც პლატფორმას სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, ეს იყო ის შეთავაზება, რაც გაახმოვანა პრეზიდენტმა და არანაირ სხვა პლატფორმებზე მიერთება ან რაღაც შერწყმა მას მხედველობაში არ ჰქონდა. ამიტომ, მოჰყვა მას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2020“-ზე განაცხადა, რომ მიესალმება რეგიონში მშვიდობის აღდგენას.

„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა. ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

დატოვე კომენტარი