დავით ზალკალიანი - მოლაპარაკებები კომპლექსური პროცესია და არ უნდა ველოდოთ, რომ პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა შედეგები
არ უნდა ველოდოთ, რომ მოლაპარაკების პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა შედეგები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების და ეკონომიკის თვალსაზრისით, ამიტომ აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა.
„უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი გაიმართება. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური პროცესია. არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემატიკა, რომელიც არის დღის წესრიგში, სრულად დაფარული იქნება და შედეგები პირველსავე რაუნდის დროს მიიღწევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ამ პროცესში ჩართვის პოლიტიკური ნება და კიდევ ერთხელ გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მოგეხსენებათ, ქვეყანას აქვს უსერიოზულესი გამოწვევები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, პანდემიასთან დაკავშირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ აუცილებელია, შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები გადავიდეს პარლამენტში.
ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები იგივე ევროპალამენტარების მხრიდან, სადაც, სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამოიკითხეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც მათ სურდათ. ჩვენ აშკარად დავინახეთ, რომ იქ იყო მოწოდება პროცესში ჩართული ყველა აქტორის მიმართ, რომ შევიდეს დიალოგში და პარლამენტი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც უნდა იყოს განხილული ყველა პრობლემური საკითხი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა უნდა შეეცადოს, რომ მიღწეული იყოს კონსენსუსი“, – განაცხადა ზალკალიანმა.