დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორის მხრიდან აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორის მხრიდან აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული

„არ შეიძლება, არ გვეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსი, რომელიც არის გამოხატული ჩვენი მთავარი დონორი, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიმართ ღია წერილს.

ზალკალიანის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკისა და იმ რეფორმების, რომლებიც დღემდე განხორციელდა.

„ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკისა და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა დღემდე და სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებული შეხვდა პანდემიას. ის მეთოდები და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა, არის აღიარებული ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორის მხრიდან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ბუნებრივია, ეს შეფასებები ჩვენ გვაძლევს ასევე იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, ამაში მე დარწმუნებული ვარ, იქნება ასევე საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და ჩვენ დაგვეხმარება ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რომ დავძლიოთ ეს პრობლემა, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ კიდევ უფრო გაძლიერებულნი“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და  დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა.

წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი.