დავით ზალკალიანი - მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავთ ყველა ზომას მის გასათავისუფლებლად
დავით ზალკალიანი - მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავთ ყველა ზომას მის გასათავისუფლებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით.

მისივე გამარტებით, ევროკავშირთან მუშაობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

„ზაზა გახელაძის ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით. ყველა ტრიბუნას, ყველა ფორმატს ვიყენებთ, რათა ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი.

გუშინ დავბრუნდი ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი, ძალიან მწვავედ ვისაუბრე ამ თემაზე. ასევე, ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი რაუნდი, სადაც ასევე ძალიან მწვავედ იქნება დაყენებული ზაზა გახელაძის საკითხი.

„საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ვიცი, რომ უსაფრთხოების სამსახური ძალიან აქტიურად არის ჩართული იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს. პროვოკაციამ შესაძლებელია, მისცეს შემდგომი ზემოქმედების და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იგივე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის, რომ არ მოხდეს გათავისუფლება. მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავ ყველა ზომას, მათ შორის არსებული ფორმატებით, ასევე ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ მოხდეს გათავისუფლება. არსებობს რუსეთზე სხვადასხვა ზემოქმედების მექანიზმი და ბერკეტები, ამიტომ ესეც გააქტიურებულია ჩვენი პარტნიორების დახმარებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.