დავით ზალკალიანი - „აირაის“ ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვა არ აქვს
დავით ზალკალიანი - „აირაის“ ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვა არ აქვს

აირაის“ ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვა არ აქვს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის არგუმენტებს არანაირი შეხება არ აქვს საერთაშორისო შეფასებებთან.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვა არ აქვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე კონკურენტული, თავისუფალი და დაცული იყო საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ ოპონენტების არგუმენტებს, რომლებსაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, არანაირი შეხება არ აქვს საერთაშორისო შეფასებებთან. ამიტომ უმჯობესია, მათ გაითვალისწინონ როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ისე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა.

ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ეუთო/ოდირის როგორც ისე საბოლოო დასკვნა იქნებოდა ისეთი, რომელიც ამ არჩევნებს მისცემდა შეფასებას როგორც დემოკრატიული, კონკურენტული, სადაც დაცული იყო ყველა თავისუფლება. იმ ხარვეზების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბარია ეუთო/ოდირის დასკვნაში, უკვე გათვალისწინებულია, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსის ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დემოკრატიზაციის განვითარების გზაზე ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.