დავით ზალკალიანი - 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის
დავით ზალკალიანი - 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„სამწუხაროდ, ბრძოლა ჯერ დასრულებული არაა, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენი, მთლიანად ქვეყნის, ერის ვალია, მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული, ვიყოთ კონსოლიდირებული, როგორც არასდროს, ისე იყო კონსოლიდირებული ჩვენი ერი 9 აპრილს და საქართველოს ისტორიაში, მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი გაერთიანებულია. სწორედ დღეს გვაკლია ეს ერთობა, გვაკლია გაერთიანება და კონსოლიდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება. სწორედ ეს არის ეს უსერიოზულესი გამოწვევები , რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნის წინაშე და როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება. სწორედ ამ ადამიანების ხსოვნის პატივისცემად თითოეული ჩვენგანის, საქართველოს პოლიტიკურ ველზე ყველა აქტორის ვალია, ვიყოთ გაერთიანებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.