დავით ზალკალიანი - 2022 წლის ნატო-ს სამიტი იქნება სრულმასშტაბიანი, სადაც საქართველოც იქნება წარმოდგენილი
დავით ზალკალიანი - 2022 წლის ნატო-ს სამიტი იქნება სრულმასშტაბიანი, სადაც საქართველოც იქნება წარმოდგენილი

ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც იყო შესაძლებელი ამ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა ეს სამიტი, ძალიან შეზღუდული ფორმატით, სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, არც ერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა მიწვეული არ იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ, რომ საქართველო ასე ყოფილიყო წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ვუსმენდი სულ ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომელმაც ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ და საქართველოს შესახებ კომუნიკეში არის ცალკე თავი. იმ თავის ხაზგასმაც მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლწესრიგზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში საქართველო არის ჩართული, როგორც ნატო-სთან თავსებადი, საერთო ღირებულების მატარებელი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ძირითადი მიმართულება, პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, გადახედეთ, არასდროს, ასეთი მკაფიო, მძაფრი განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არ ყოფილა და ეს არის ზუსტად ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი. ვიზიტები, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ პარტნიორებთან ერთად გვემუშავა იმისთვის, რომ ეს პროგრესი ყოფილიყო ასახული“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, 2022 წლის სამიტი იქნება სრულმასშტაბიანი, სადაც საქართველოც იქნება წარმოდგენილი.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. 2030-ის სტრატეგია, კონცეფცია, რომელიც მომზადდება 2022 წლისთვის და 2022 წლის სამიტი იქნება სრულმასშტაბიანი, სრული ფორმატით, სადაც ჩვენი ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და სწორედ იმ კონცეპტუალურ დოკუმენტში, რომელიც მინისტერიალაზე იქნა მოწონებული, ექსპერტების დოკუმენტი 2030, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და სხვა შემადგენელზეც არის საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, 2030-ის სამიტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი გვექნება სწორედ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და სწორედ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით“,- განაცხადა ზალკალიანმა.