დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი - ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კიდევ ერთი 1/8-ფინალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართა – „სიონმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო, 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
„თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ბათუმელები 33-ე წუთზე დაწინაურდნენ – მარჯვენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურის კარგი გადაცემით მათე ვაწაძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან „სიონის“ კარი თავური დარტყმით აიღო.
ბათუმელებმა უპირატესობა 50-ე წუთზე გაზარდეს და კვლავ მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევის შედეგად, ამჯერად თამაში ლადო მამუჩაშვილმა გაამწვავა, მის გადაცემას კი კარის წინ გუნდის კაპიტანი მამუკა კობახიძე დახვდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 0:2.
ამ დროისთვის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ხუთი 1/4-ფინალისტია ცნობილი – „ირაო“, ფოთის „კოლხეთი 1913“, წყალტუბოს „სამგურალი“, „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“.
დღეს თასის 1/8-ფინალის კიდევ ერთი შეხვედრა „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება, სადაც „თელავისა“ და თბილისის „საბურთალოს“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ორი მეოთხედფინალისტი სექტემბერში გაირკვევა: 7 სექტემბერს „სპაერი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს საგარეჯოს „გარეჯი“ გორის „დილას“ მიიღებს.