დავით უსუფაშვილი - ტყუილია, ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო, დღესაც მქონდა 7-8 ზარი, რომ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ამ წუთშიც „ლელოს“ წევრები ბრიუსელში არიან და ამას ლობირებენ
დავით უსუფაშვილი - ტყუილია, ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო, დღესაც მქონდა 7-8 ზარი, რომ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ამ წუთშიც „ლელოს“ წევრები ბრიუსელში არიან და ამას ლობირებენ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდნენ.

უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები ამ წუთშიც ბრიუსელში იმყოფებიან და კანდიდატის სტატუსს ლობირებენ.

„დადიოდნენ იქ და ავრცელებდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო – ეს არის ტყუილი. ამ წუთშიც, აქ რომ სხედხართ, „ლელოს“ წარმომადგენლები, გრიგოლ გეგელია და სხვები ბრიუსელში არიან და ამას ლობირებენ. დღესაც 7-8 სატელეფონო ზარი მქონდა ძალიან სერიოზულ ხალხთან, რომ მოგვეცით კანიდატის სტატუსი. ტყუილია ეს ყველაფერი, ამ ტყუილებით შორს ვერ წავალთ. რას ნიშნავს სტატუსს ვიმსახურებთ თუ არა? საქართვეოს უნდა მიენიჭოს კანდიდატობა, უნდა მიენიჭოს და თქვენ ხართ დაბრკოლება ამ სფეროში. ბოლო დღეებში 27 სახელმწიფოს დედაქალაში ვინ იყო ჩასული, ვინ იყო ჩასული და ვინ უმტკიცებდა ამას? დღეს რომ აქ პრემიერი გამოვა და საცოდავეებოო მიმართავს ხალხს, ეს ევროპას არ ესმის? ევროპარლამენტს რომ ეუბნებით, ევროპარლამენტო, თქვენ ფეიკნიუსებით იკვევებით, ეს ევროპისკენ გვაახლოებს? რასაც თქვენ გეუბნებით ახლა, ჩათვალეთ, ნახევარს საკუთარ თავს ვეუბნები, რადგან ვერ გავაკეთეთ ისეთი ქვეყანა, როგორიც უნდა გაგვეკეთებინა. დღეს არის ახლა გამოსავალი, დღეს არის გამოსავალი, რომ ცოტა ავმაღლდეთ რაღაცებზე, პერსონალურ ამბიციებზე, პერსონალურ იწილო ბიწილოზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ხედავენ არა ევროპისკენ მიმავალ, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას.

„ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს.

„კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს, ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და „ნაციონალების“ ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.