დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველობის კანდიდატზე გვეუბნებიან, რომ ორშაბათს კომიტეტში მოუსმენენ, სამშაბათს დღის წესრიგში შეიტანენ და ნახვამდის, ამას დავუპირისპირებთ კანონიერ კანდიდატს და პროცესს
დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველობის კანდიდატზე გვეუბნებიან, რომ ორშაბათს კომიტეტში მოუსმენენ, სამშაბათს დღის წესრიგში შეიტანენ და ნახვამდის, ამას დავუპირისპირებთ კანონიერ კანდიდატს და პროცესს

დასახელდა თუ არა ერთი კანდიდატი, უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სხვა კანდიდატები არ დასახელდეს და გვეუბნებიან, რა ვქნათ, სხვა არ დასახელებულა და პროცესი მორჩაო. კანონი არანაირ ვადას არ აწესებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ლელო“ არ აპირებს საკითხის ისე დატოვებას, როგორც „ქართულ ოცნებას“ სურს.

„უმრავლესობას შევთავაზე, გონივრული ნაბიჯები გადაგვედგა, კერძოდ, პოლიტიკურ ჯგუფებს ერთკვირიანი ვადა დაგვედგინა, თუმცა ხელის გადაგრეხვის პროცედურით მიდიან, ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოვიწვიეთო. ეს იმიტომ ხდება, რომ ორშაბათს კანდიდატზე იმსჯელონ. „ლელო“ ღირსეულ ნაბიჯებს გადადგამს, რაც შეეფერება პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიას და რასაც იმსახურებს სახალხო დამცველის ძალიან მაღალი ოფისი, რომელიც ამ ხალხის ხელში საბურთაო ქვად იქცა. ლევან იოსელიანის კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატების დასახელება აღარ შეიძლებაო და რატომ არ შეიძლება? ვინ თქვა, რაიმე ვადა კრძალავს? მათ გეგმა მოიგონეს – ორშაბათს კანდიდატი დაასახელეს, ხუთშაბათს ბიურო ჩანიშნეს, ორშაბათს კომიტეტში მოუსმენენ და სამშაბათს დღის წესრიგში შეიტანენ და ნახვამდის, ამას გვეუბნებიან. ამას დავუპირისპირებთ კანონიერ კანდიდატს და პროცესს. გუშინ, როცა ბიუროს ჩანიშვნის თაობაზე გავიგეთ, ჩემს კოლეგებს ვარწმუნებდი, ამაზე ეს ხალხი არ წავა-თქო და შევცდი, კოლეგებო. როდის დავასახელებთ და ვინ იქნება, ამაზე მზად ახლა არ ვარ, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.