დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეტანილი პროექტით ცდილობს, ის შეუმდგარი მცდელობები, რაც გასულ კვირას დაანონსეს, შემოვლითი გზით განახორციელოს
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეტანილი პროექტით ცდილობს, ის შეუმდგარი მცდელობები, რაც გასულ კვირას დაანონსეს, შემოვლითი გზით განახორციელოს

გასული ერთი კვირის განმავლობაში რაში დახარჯა და გაატარა დრო საპარლამენტო უმრავლესობამ? – უმრავლესობა იმით დაკავდა, რომ მოეფიქრებინათ ალტერნატიული გზები და საშუალებები პრეზიდენტის გასანეიტრალებლად და მოსათვინიერებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეტანილი კანონის პროექტით ცდილობს, ის შეუმდგარი მცდელობები, რაც გასულ კვირას დაანონსეს, შემოვლითი გზით განახორციელოს.

„ერთი კვირის წინ პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში მობრძანდა და საუბარი გვქონდა იმაზე, რომ აუცილებელია ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ომი, დაჩქარებულ ევროინტეგრაციას მივაღწიოთ და მივიღოთ დახმარების პაკეტი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის აღორძინებისთვის. გასული ერთი კვირის განმავლობაში რაში დახარჯა და გაატარა დრო საპარლამენტო უმრავლესობამ? – უმრავლესობა იმით დაკავდა, რომ მოეფიქრებინათ ალტერნატიული გზები და საშუალებები პრეზიდენტის გასანეიტრალებლად და მოსათვინიერებლად. ეს კი ხდება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში მათთვის არასასიამოვნო მოსაზრებები გააჟღერა და გამოთქვა ინიციატივები, რომ ის სახელმწიფო კონსოლიდაციის საკითხებში აქტიურად ჩაერთვებოდა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეტანილი კანონის პროექტით ცდილობს, ის შეუმდგარი მცდელობები, რაც გასულ კვირას დაანონსეს, შემოვლითი გზით განახორციელოს. პირველ დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ. შემდეგ დაფიქრდნენ, კანონს ჩახედეს და ნახეს, რომ პრეზიდენტის ქმედებებში საიმპიჩმენტო არც საფუძველი იყო და არც იმდენი ხმები ჰქონდათ, რომ ამ გზას გაჰყოლოდნენ. შემდეგ პარტიის განცხადებაში ჩაწერეს, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წაიღებდა და იმაზე იდავებდა, რომ პრეზიდენტი სხვის კომპეტენციებშია შეჭრილი. ამის შემდეგ ჩახედეს კონსტიტუციასა და კანონს და ნახეს, რომ ესეც აბსოლუტურად უპერსპექტივო გზა იყო, რადგან პრეზიდენტს არანაირი აქტი არ გამოუცია, რითაც ვინმეს უფლებამოსილებებს შელახავდა. შემოიტანეს პროექტი, რადგან მათ მიერ შერჩეული მორიგი პრეზიდენტი მათი კონტროლის არეალიდან გავიდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი, რომელიც მათ მოიყვანეს და დაუნიშნეს საქართველოს მოსახლეობას, ახლა მათთვის საფრთხე გახდა და ამისთვის ყველაფერზე მზად არიან.

„კანონპროექტი მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს მოქმედებას ან უმოქმედობას შეედავებიან, ეს გამოიწვევს მოქმედებს არაკონსტიტიციურად ჩათვლას – გამოდის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ იმპიჩმენტისთვისაც გზა მოსუფთავებულია. უახლოესი ორი თვე, თუ ამ პროექტს ვეტოც დაედო ვიქნებით ახალ წიოკსა და შეხლა-შემოხლაში ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში მოსული პრეზიდენტის სულისკვეთება გაგვეზიარებინა. კანონპროექტი არის აბსოლუტურად დესტრუქციული ნაბიჯი და ყველაზე შეუსაბამო დროს ინიცირებული – ასეთი თემის ამაზე უარეს დროს წამოწევას მტერიც ვერ მოიფიქრებდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტის ინიცირება 21 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.