დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი თუ მიიჩნევს, რომ ბულინგის მსხვერპლია, ეს ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდები მაღალ თანამდებობას, პასუხისმგებლობას და სახლში უნდა წახვიდე
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი თუ მიიჩნევს, რომ ბულინგის მსხვერპლია, ეს ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდები მაღალ თანამდებობას, პასუხისმგებლობას და სახლში უნდა წახვიდე

ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება და, თავის მხრივ, სააკაშვილი ვერ უმკლავდება პატიმრობას. გვაქვს ვითარება, როცა ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება, სასჯელის მიზანი კი ვერ არის მიღწეული, წინა პლანზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხოლო მართლმსაჯულება – მეორე პლანზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა პოლიტიკურად მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა ჩამოვიდა და ყველასთვის ცხადი იყო, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ვერ გაძლებდა, ახლა კი ყველა ამ ვითარების მძევალია.

„პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება და, თავის მხრივ, სააკაშვილი ვერ უმკლავდება პატიმრობას. გვაქვს ვითარება, როცა ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება, სასჯელის მიზანი კი ვერ არის მიღწეული – საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, მართალია თუ მტყუანი მიხეილ სააკაშვილი, რატომ ზის ციხეში და ასე შემდეგ, მას ხელისუფლება ყოველდღე აძლევს საბაბს, რომ წინა პლანზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხოლო მართლმსაჯულება – მეორე პლანზე.

სააკაშვილმა პოლიტიკურად ძალიან მძიმე, პრაქტიკულად, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა ჩამოვიდა და ჩამოვიდა თან ასე. ყველასთვის ცხადი იყო, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ვერ გაძლებდა. ისიც მიკვირს, აქამდე როგორ გაძლო. ახლა ყველა ამ ვითარების მძევალი ვართ. ამიტომ, როცა ვხედავთ თითის აქეთ-იქეთ გაშვერას, თუ ვისი ბრალია – ყველას, ვისაც სახელმწიფო ბერკეტი უჭირავს ხელში. მათ შორის არის პრეზიდენტი, რომლის მიერ შეწყალება ერთ-ერთი ინსტრუმენტია, პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ჩარევა იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფო ზარალდება, ზიანდება ხელისუფლების მიერ სააკაშვილის არასწორად პატიმრობით და ამ თემასთან ვერ გამკლავებით, ვინაიდან თემა ქვეყნის შიგნით და გარეთ ქცეულია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს. ამავდროულად, დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა თუ აინტერესებს, სხვაგვარად უნდა მოიქცეს.

„კვალი კი არა, ეს არის „ქართული ოცნების“ შეგნებული მცდელობა, რომ ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს, თუმცა თუ პრეზიდენტი კვალზე საუბრობს, მან ის კვალი უნდა გაიხსენოს, რაც ასევე მისი არჩევის დროს შეინიშნებოდა და ძალიან მკაფიო იყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ შემოვლითი გზით, ვითომ დამოუკიდებელი პრეზიდენტი სცენაზე შემოიყვანა. თავის პერსონალურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებაზე მან მაშინ თქვა უარი. მაშინ შეეგუა ამას, როცა ბილბორდებიდან მისი პორტრეტები ჩამოხსნეს და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები გაეკვრნენ. მაშინ ვერ დაინახა, საით მიდიოდა საქმე? ამან შეასუსტა და იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რაშიც ახლა იმყოფება. ახლა აქეთ შემოგვჩივის: მიშველეთ, ხან იმას არ მეუბნებიან, პრეზიდენტი როცა ჩამოდის, პროტოკოლის დარღვევით ხან მეპატიჟებიან, ხან არ მეპატიჟებიან, ხან მიტინგებზე მიტინგებს მიწყობენ და ასე შემდეგ.

ჩვენ ეს პრეზიდენტზე უკეთ ვიცით, მაგრამ, პრეზიდენტო, შენ რას აკეთებ, ასე რომ არ მოხდეს? პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუას – სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველოდებით. მთავრობაში რაც ხდება, ეს უკვე ვიცით. იქ ხალხს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებთ – თუ გაინტერესებს, მაშინ სხვგვარად უნდა მოიქცე. ამ სხვანაირად მოქვევაში შეწყალების აქტზე ხვალვე ხელმოწერა არ იგულისხმება. თუ მას პრეზიდენტობა უნდა, ამისთვის აქვს დრო, შანსი, ბერკეტები და პრეზიდენტივით უნდა მოიქცეს. თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბულინგის მსხვერპლია, ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდები ძალიან მაღალ თანამდებობასა და პასუხისმგებლობას და სახლში უნდა წახვიდე. სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა არის სწორი, სამართლებრივი, პოლიტიკური და ადამიანური გამოსავალი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა, მოგვიანებით კი ბრიფინგი გამართა.