დავით უსუფაშვილი - პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი
გუშინ საქართველოს მომავალი ვნახეთ, რადგან ქუჩაში იყვნენ გამოსული არა მხოლოდ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, არამედ საქართველოს ევროპული სტანდარტის მოქალაქეები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა 20 ივნისის აქციის შეფასებისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ვინც იყო შეკრებილი, „ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი“.
„მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ. ვინ შეისმენს ამ გზავნილს და ვინ არა, ხალხს შეუძლია ის, რაც გუშინ გააკეთა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ, გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან. ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს და ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ, 24-ში შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.