დავით უსუფაშვილი - ცალკე ოპოზიციური ჯგუფები ვაგრძელებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობას, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ვართ ძალიან მყარად მოტივირებული
დავით უსუფაშვილი - ცალკე ოპოზიციური ჯგუფები ვაგრძელებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობას, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ვართ ძალიან მყარად მოტივირებული

ოპოზიციური ჯგუფები ვართ ერთმანეთთან კონსულტაციის რეჟიმში, ვინაიდან „ოცნებამ“ პარლამენტი მიატოვა, „ოცნებამ“ ხელი აიღო ხელისუფლებაზე და მიღებულ, განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს არ იღებს, რადგან ეშინია საგამოძიებო კომისიის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის ინიცირებამაც კი უკვე შეასრულა საგამოძიებო კომისიის ფუნქცია.

„დავინახეთ, რომ სასამართლო კლანი და „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერშიფი ერთი დიდი კლანია, ზუსტად ამიტომ გადაეფარნენ მათ ყველაფრის ფასად. ამბობენ, თუ საჭიროა, არანაირ კანონებს აღარ მივიღებთ, პარლამენტი შეწყვეტს ფუნქციონირებას, ოღონდ კითხვები არ დაუსვან იმ ადამიანებს იმ თემაზე, რაზეც საგამოძიებო კომისიაა მოთხოვნილი. ჩვენ, ცალკე ოპოზიციური ჯგუფები, ვაგრძელებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობას, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ვართ ძალიან მყარად მოტივირებული, რომ შევინარჩუნოთ თანადგომა, საერთო ინტერესისთვის ერთად დგომა, რასაც ჰქვია 50 და მეტი ოპოზიციონერი პარლამენტის წევრის ყოფნა პარლამენტის შენობაში.

ჩვენ მომავალი კვირისთვის ამ ნიშნულს მივაღწევთ და იმედი გვაქვს, შევინარჩუნებთ, და გვაქვს უპირატესობა კონსტიტუციურიც, რადგან კონსტიტუცია გვანიჭებს პარლამენტის 50 წევრს ამ უფლებას, ჩვენ გვაქვს უპირატესობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითაც და გვაქვს უპირატესობა საღი აზრითაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ვერსია მომავალი კვირის განვითარების, რადგან კონტრზომებზე იქნება „ოცნება“ მობილიზებული.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად.

„„ლელო“ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ მას აქვს უკვე საარჩევნო გამოცდილება და საარჩევნო ბიოგრაფია. თქვენ ნახეთ, გადახედეთ ამ საარჩევნო ბიოგრაფიას და დარწმუნდებით, რომ „ლელო“ ყველა არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად თავისი პროგრამით, თავისი ხედვებით.  ჩვენ მივიჩნევთ, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე „ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობა და კოალიცია, შეთანხმება არის გამორიცხული. „ლელო“ არჩევნებზე მიდის და „ლელო“ არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.