დავით უსუფაშვილი - მზად ვართ კონკურენციისთვის, რადგან კონკურენციაში უნდა წარმოიშვას სწორი გადაწყვეტილებები
დავით უსუფაშვილი - მზად ვართ კონკურენციისთვის, რადგან კონკურენციაში უნდა წარმოიშვას სწორი გადაწყვეტილებები

შარლ მიშელის დოკუმენტმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რათა ქვეყანაში პარლამენტიც დაუახლოვდეს პარლამენტარობის შინაარსს და შევძლოთ, ნორმალური არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მზად არიან კონკურენციისთვის, რადგან კონკურენციაში უნდა წარმოიშვას სწორი გადაწყვეტილებები.

„შარლ მიშელის დოკუმენტმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რათა ქვეყანაში პარლამენტიც დაუახლოვდეს პარლამენტარობის შინაარსს და შევძლოთ, ნორმალური არჩევნების ჩატარება და სტაბილიზაციისკენ წავიყვანოთ პოლიტიკური პროცესი, თუმცა გარანტირებული არაფერი არ არის და მას სჭირდება პოლიტიკური ძალების ძალისხმევა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა შესაძლებელი გახადა დოკუმენტმა ისევე, როგორც „ლელოსი“. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ტაქტიკა და სტრატეგია ექნება. ჩვენ მონდომებული ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ.

მრავალპარტიულ ან თავისუფალ საზოგადოებაში კონკურენციის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. უკონკურენტოდ ამ შენობაში არსებობდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო, იმ პარტიას არავითარი კონკურენტი არ ჰყავდა და მშვიდად ისხდნენ. ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის. კონკურენციაში უნდა იშვას სწორი გადაწყვეტილებები. ხელს არ შევუწყობთ მტრობას, რადგან მტრობასა და კონკურენციას შორის დიდი ზღვარია. კონკურენციაში იმიტომ ვართ, რომ გადაწყვეტილების საუკეთესო ვერსია გამოვნახოთ, მტრობა ნიშნავს, როგორმე ერთმანეთი დავძიროთ. მტრობაში არ ვართ არავისთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.