დავით უსუფაშვილი - მზად ვარ ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე მოსალაპარაკებლად
მზად ვარ ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე მოსალაპარაკებლად, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშვიდ ვითარებაში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებით ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ერთპიროვნულ მმართველობას და სააკაშვილი მას ვერ დაეუფლება.
„არეულ ქვეყანაში, მოქმედი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ან ერთი შეინარჩუნებს ძალაუფლებას ან მეორე ჩაიგდებს ხელში. შესაბამისად, ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს, სააკაშვილთან მიდენოს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, ხოლო ვითარების დაძაბვით სააკაშვილი ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნების გზით გაიფორმოს ხელისუფლება.
ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომელთაც ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ დაგვაშანტაჟებს, ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორ გზას. ამიტომ, არ მომერიდება მიშასი და მზად ვარ, ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე მოსალაპარაკებლად. არ მომერიდება ბიძინასი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოვითხოვ აქციის დამრბევთა დასჯას. არ მომერიდება მიშასი, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ. არ მომერიდება ბიძინასი, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას დავარქმევ პოლიტიკურ მზაკვრობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი