დავით უსუფაშვილი - მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას ვეუბნებით, საქართველო მათით არ შემოიფარგლება
დავით უსუფაშვილი - მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას ვეუბნებით, საქართველო მათით არ შემოიფარგლება

ჩვენ ვეუბნებით მოქმედ ხელისუფლებასაც და ყოფილ ხელისუფლებასაც, საქართველო მათით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პარტიის, „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის განმარტებით, მათი ამომრჩეველი იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც არც მოქმედი ხელისუფლება მოსწონს და არჩევანის გაკეთება არც ძველ სახელისუფლო გუნდზე უნდა.

„ჩვენ მივმართავთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ამ რვაწლიანი ქაოტური მმართველობით და არც წინა, შიშსა და ტერორზე დამყარებული მმართველობის მობრუნება სურს. ეს იქნება ჩვენი უახლოესი ამოცანები და სავალი გზა”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ.

„შენების მოძრაობის” ლიდერი ახალ პარტიას ოფიციალურად შეუერთდა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. როგორც დავით უსუფაშვილი განმარტავს, მის მიერ დაფუძნებული „შენების მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობაა, არსებობას არ წყვეტს და პარალელურ რეჟიმში იარსებებს.

ამასთან, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდნენ „ახალი მემარჯვენეების“ წევრებიც, პარტიამ „ახალი მემარჯვენეები“ კი არსებობა შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი