დავით უსუფაშვილი - მხარდამჭერების ზრდის ტემპის შენარჩუნება თუ მოვახერხე, არჩევნების მეორე ტურში ვიქნები
ხვალ რომ არჩევნები იყოს, მეორე ტურში ვერ ვიქნები, მაგრამ 28 ოქტომბერს რომ არჩევნები იქნება, თუ ჩემი მხარდამჭერების ზრდის ტემპის შენარჩუნება მოვახერხე, მაშინ, მე ვიქნები მეორე ტურში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება პრეზიდენტობის კანდიდატის შემდეგი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მისთვის სასურველი შედეგი არ დადგა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ოცდაათი წელია პოლიტიკაშია და მისთვის სასურველი შედეგი იშვიათად დამდგარა, მაგრამ ბრძოლა გაუგრძელებია.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტო პრობლემით ხასიათდება, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ყველანაირად ცდილობს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის არჩევნების მნიშვნელობა და დატვირთვა დააკნინოს.
„ძალიან ბევრი საუბარი მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს ჭარბი ავტორიტეტი აქვს და უნდათ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ პრეზიდენტი სინამდვილეში, არვინ და არაფერი არ არის. მათ გვითხრეს, რომ საკუთარი მძიმეწონიანი პოლიტიკოსებიდან კანდიდატად არავის ასახელებენ და სხვა მოძებნეს. ეს სხვა კი, ქალბატონი სალომე აღმოჩნდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო გარემო რთულია, მაგრამ მოსახლეობა ცვლილებებისთვის არის მოწადინებული და მას მოსახლეობის იმედი აქვს.
„ვხედავ, ყოველდღიურად როგორ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, რადგან ვერც „ქართული ოცნების“ თამაშებს გაუგეს რამე, დამოუკიდებელ კანდიდატთან, თუ ყველა სხვა, მარიხუანასთან და ა.შ. საკითხებთან დაკავშირებით და ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ძველი ხელისუფლების თუ ამსტერდამიდან დაბრუნებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული ლიდერის დაბრუნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.