დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დისტანციური განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკების წინსვლას, კარგია, რომ ოპოზიცია თავისუფალია ამ შეძახილებისგან
დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დისტანციური განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკების წინსვლას, კარგია, რომ ოპოზიცია თავისუფალია ამ შეძახილებისგან

მიხეილ სააკაშვილის მიერ დისტანციურად გაკეთებული განცხადებები ხელს არ უწყობს საქართველოში პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას და მოლაპარაკების წინსვლას, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი გახდეს.

უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციის სრული სპექტრი თავისუფალია სააკაშვილის შეძახილებებისა და დაპირებებისგან.

„ძალიან ბევრი წელია ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ სამწუხაროდ, სააკაშვილმა აირჩია თავისი პოლიტიკური ცხოვრების გზა აირჩია, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს როგორც წესი, არ ეხმიანება ხოლმე.

დღესაც მის მიერ დისტანციურად გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები არანაირად არ უწყობს ხელს საქართველოში პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას, მათ შორის მოლაპარაკების წინსვლას. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი ამ შემთხვევაში თავისუფალია ამ შეძახილებებისგან, დაპირებებისა თუ მუქარებისგან და ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.