დავით უსუფაშვილი - კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს მიშისტობაში, ლუწ რიცხვებში კი, მიშა ბიძინისტობაში
დავით უსუფაშვილი - კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს მიშისტობაში, ლუწ რიცხვებში კი, მიშა ბიძინისტობაში

კ​ენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა ბიძინისტობაში, – ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

„აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს.

გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი. ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?

პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა – ბიძინისტობაში. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებამდე დიდი ხნით ადრე.

ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, „ის ყოფს“ ჩემი მეშვეობითო. გუშინაც „ის“ მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. ლოცვა თუ შელოცვა – საკითხავი ესღა რჩება“, – წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაემსგავსნენ.

„ივანიშვილს სურდა ეთქვა, რომ ვინც ჩემთან არაა, ყველა სახელმწიფოს მტერია და თუ ვინმე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, მიშისტია – ამის თქმა სურდა. ამას გვეუბნება უკვე დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილიც. სწორედ ამით დაემგვანა ეს ორი ლიდერი ერთმანეთს, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. ვინაიდან მეორე ტურში მე მხარი  არ დავუჭირე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტს, ე.ი. მიშისტი ვარ და, რადგან მხარი არ დავუჭირე მიშას კანდიდატს, ე.ი. ბიძინისტი ვარ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის ახლაც იქ დგას, სადაც ადრე იდგა.

„მე იქ ვდგავარ, სადაც ვიდექი მიშას და ბიძინას პოლიტიკურ მოვლენებამდე. თავად გაარკვიონ, როდის ემთხვევა მათი აზრები ჩემსას და იქნებ დაეხმაროთ ორივეს სწორ ორიენტაციაში. საშინლად მტკივნეულია იმის განცდა, რომ 9 აპრილს, ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერი ასეთი გამოსვლით მიმართავს საზოგადოებას. ამაზე გული მტკივა, ვინაიდან ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება, თუ რა დღეშია თავად ლიდერი, ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მომავალთან დაკავშირებით ინტერვიუდან კონკრეტული მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ საქართველოში უკეთეს სერიალებს გადაიღებენ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.