დავით უსუფაშვილი - იმედია, ყველა სხვა არხი ისეთივე ადეკვატური იქნება, როგორიც პირველი არხი და კანდიდატებს რაც შეიძლება მეტ დროს შესთავაზებს
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველა სხვა არხი ისეთივე ადეკვატური იქნება, როგორიც პირველი არხი და კანდიდატებს რაც შეიძლება მეტ დროს, მრავალფეროვან ფორმატს შესთავაზებს, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„პირველი არხის შეთავაზებას გავეცანი, მისი პოზიცია მისაღებია და ვადასტურებ, რომ დებატებში მონაწილეობას მივიღებ ყველა ფორმატში, ყველა იმ კანდიდატთან, ვინც ჩემთან დებატებს მოისურვებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა პირველ არხზე დებატებში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შესთავაზა.
„მინდა, ჩემი შეთავაზება მიიღონ, როგორც ოფიციალური შეთავაზება და მათგან პასუხს ველი. მზად ვარ, თქვენ ეთერში დავჯდე და ვიდებატო საკითხზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა; დავუმტკიცო მათ და პირველ რიგში, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ იმის მოთმენა, რაც ქვეყანაში ხდება, უკვე შეუძლებელია და „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ დაუშვებელია იმის დაბრუნება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში იყო. ამიტომ, ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.