დავით უსუფაშვილი - ღარიბაშვილმა გვითხრა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა ანაკლიის პორტის აშენება და არა ინვესტიციებითო, უძვირფასესი დრო დავკარგეთ
დავით უსუფაშვილი - ღარიბაშვილმა გვითხრა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა ანაკლიის პორტის აშენება და არა ინვესტიციებითო, უძვირფასესი დრო დავკარგეთ

ირაკლი ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა ანაკლიის პორტის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო, დავკარგეთ უძვირფასესი დრო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მთავრობა სამი წელია, „ზღაპრებს ჰყვება“ და პროექტის განხორციელებას შეგნებულად აფერხებს.

„დღეს მთავრობამ გვითხრა, რომ ანაკლიის პორტის ხარჯის 51 პროცენტს სახელმწიფო გაიღებს. ანუ იმას, რაც უცხოელ ინვესტორებს უნდა გაეკეთებინათ საქართველოში, თქვენი თანხებით გავაკეთებო. ანუ რაშიც ხელი შევუშალე ჯაფარიძესა და ხაზარაძეს, რომ მოეზიდათ ის თანხა, რომელიც ანაკლიას ააშენებდა და შემდეგ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემდა აშენებულ პროექტს, ახლა 51 პროცენტს, ხელისუფლებამ, ჩვენ დავაფინანსებთო. ანუ თავის დროზე იმიტომ შევუშალეთ ხელი, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა ანაკლიის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო, ღარიბაშვილი ამას გველაპარაკება. დღეს რატომ გველაპარაკება? რადგან გუშინ იყო საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი ტელევიზიების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ანაკლიის შესახებ, რომლის მნახველს უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რა მოხდა ანაკლიასთან დაკავშირებით.

სამი წელია, ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიაში კი არა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხედან პროკურორის აბსურდული ბრალდების გამო. ამ სამი წლის განმავლობაში მთავრობას ხელი რამ შეუშალა ანაკლიის პროექტის ისე გასაკეთებლად, როგორც მათ უნდოდათ. ქვეყანას სჭირდება ანაკლიის პორტი და არა მთავრობის განცხადებები. დავკარგეთ უძვირფასესი დრო, ხელი შეუშალეს თავდაპირველი პროექტის მესვეურებს. სამი წელია, ზღაპრებს გვიყვებიან, რომ ხვალ ამას გავაკეთებთ, ზეგ იმას და ანაკლიის პროექტს აფერხებენ, შეგნებულად აჩერებენ. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, ეს ქვეყანას სჭირდება. მე არ ვიცი, ჯაფარიძე-ხაზარაძე და უსუფაშვილი რა ჭკუაზე იქნებიან. საქართველოს სჭირდება ანაკლიის პორტი, რომელიც საუკუნის პროექტია. ამ ტიპის იწილობიწილოები საქმეს ვერ შეცვლის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.