დავით უსუფაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლების სახით, სწორი პატრონი არ ჰყავს, ცოტა ხანში რეზოლუციები კი არა, შეიძლება, სხვა ტიპის ქმედებები ვნახოთ
დავით უსუფაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლების სახით, სწორი პატრონი არ ჰყავს, ცოტა ხანში რეზოლუციები კი არა, შეიძლება, სხვა ტიპის ქმედებები ვნახოთ

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მეტყველებს, რომ საქართველოს, ხელისუფლების სახით, „სწორი პატრონი არ ჰყავს“.

როგორც უსუფაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ევროპარლამენტარები იძულებული გახდნენ, მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის, სადაც საქართველოს შესახებ სამარცხვინო ამბებია.

„რეზოლუცია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენს ლამაზ სამშობლოს და გადასარევ ქვეყანას სწორი პატრონი არ ჰყავს ხელისუფლების სახით, რადგან ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ბრიუსელიდან მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ისმის მხარდამჭერი რეზოლუციები და გეგმები, როგორ შეიძლება, სწრაფად მოხდეს ევროპული ინტეგრაცია, როგორ აყვავდნენ ეს ქვეყნები, ომი დასრულდეს, როგორ განვითარდეს ეკონომიკური კავშირები, საქართველოს შესახებ კი იგივე ხალხი და იგივე 577 ევროპარლამენტარი იძულებულია, ღილაკს მიაჭიროს ხელი ტექსტზე, სადაც ჩვენი ქვეყნის თაობაზე ყოვლად სამარცხვინო ამბებია.

ამაზე უფრო სამარცხვინო ამბები მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებით მიიღება ხოლმე, შეიძლება, რაიმე რეზოლუცია სირიის მიმართ ყოფილა. მთელი ცივილიზებული სამყარო მოთმინებას კარგავს და ცოტა ხანში რეზოლუციები კი არა, შეიძლება, ცოტა სხვა ტიპის ქმედებები ვნახოთ და პირდაპირ გვკითხონ, ხალხო, აზრზე ხართ, საკუთარ თავს რას უშვებით, რა პერსპექტივას, შანსებს კარგავთ და რისთვის? იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთის სიძულვილი, ბოღმა თავიდან და გულიდან ვერ ამოიღო? ამ დროს კი მთელი სახელისუფლებო სისტემა და ოპოზიციურად ცნობილი ინსტიტუტების უმრავლესობა ჩართული არიან გლადიატორების ბრძოლაში და საქართველოს რიგით მოქალაქეს ისეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, რომ პერსპექტივის განცდა არ აქვთ.

დარწმუნებული ვარ, რეალობა შეიცვლება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ევროპას ისე ვუღირვართ, ხელს არასოდეს გაგვიშვებს, არამედ იმიტომ, რომ მგონია, ათწლეულების განმავლობაში საკუთარი სამშობლო, ხალხი გავიცანი და ვიცი, რომ, საბოლოო ჯამში, ამას ვერ მოვითმენთ, ვერ ავიტანთ და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს. ვინც ქვეყანას ასეთ რეალობაში ამყოფებს, მათ სათანადო პასუხი გაეცემა – ადამიანურად ღირსეული, მაგრამ პოლიტიკურად სათანადო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.