დავით უსუფაშვილი - ჩვენ შეგვიძლია, უკან მოვიტოვოთ „ნაცმოძრაობული“ წარსულიც და „ქართულოცნებური“ რეალობაც ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა
დავით უსუფაშვილი - ჩვენ შეგვიძლია, უკან მოვიტოვოთ „ნაცმოძრაობული“ წარსულიც და „ქართულოცნებური“ რეალობაც ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა

ჩვენ შეგვიძლია, უკან მოვიტოვოთ „ნაცმოძრაობული“ წარსულიც და „ქართულოცნებური“ დღევანდელი რეალობაც და თან ისე, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა, რომ ამ ქვეყანაში ყველა კანონმორჩილი ადამიანის ადგილი იყოს და აღარასოდეს გვქონდეს ლაპარაკი ამ ყველაფერზე, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დღეს აცნობეს, რომ დმანისში სამი დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ოფისის ქირავნობის თაობაზე მეპატრონემ უკან გაიტანა, რადგან აიძულეს უარი ეთქვა კუთვნილი ფართის გაქირავებაზე

„ეს ყველაფერი აიძულა წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების, მახინჯი სისტემის სიმბოლომ – ბატონმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც „ოცნებამ“ დატოვა. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წელს როგორ შეიჭრა „ოცნების“ ოფისში მაშინდელი „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ბიუროს უფროსი და მისი ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი და საკუთარი პიკაპით რამდენჯერმე დაეჯახა ოპოზიციის კუთვნილ ავტომანქანას. ეს არ იყო პირველი დანაშაული მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეა, რომელიც ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ოპოზიციას არ დაუთმონ საკუთარი ფართი. აი, ეს პრობლემებია დღეს მოსაგვარებელი. ამიტომ, მე ისევ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ ამ არჩევნებზე გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ „ნაცმოძრაობული“ წარსულიც და „ქართულოცნებური“ დღევანდელი რეალობაც და თან ისე, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა, რომ ამ ქვეყანაში ყველა კანონმორჩილი ადამიანის ადგილი იყოს და აღარასოდეს გვქონდეს ლაპარაკი ამ ყველაფერზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.