დავით უსუფაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთიანი, საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს
დავით უსუფაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთიანი, საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს

ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. დრო საკმარისია, ევროპა მზადაა, დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

„მგონი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგეს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს საქართველოს ღირსი. ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც 2008 წლის ბუქარესტში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. MAPI არ მოგვცეს, მაშინაც ნატო-ს წევრებს ჰქონდათ დასაბუთებული ეჭვები მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატიული პრობლემების თაობაზე, მაგრამ MAPI-ს არმოცემამ გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, არამედ დღევანდელი უკრაინის ომიც ამის შედეგია. ამიტომ დაბრკოლება არ უნდა იყოს მთავრობა, რომელიც საქართველოში ვერ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს.

ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და საქართველო შევაფაროთ ევროპული უსაფრთხოების ქოლგას, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობას, თავისუფლებას, რაც ევროპაშია. დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ ამაზე. არ ვიცი, ამ დოკუმენტში რა წერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ დარჩენილ დროში ნაბიჯები გადაიდგმება.

ევროპელმა მეგობრებმა ხაზი გაუსვეს, რომ გასაკეთებელი გვაქვს საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც გუშინწინ დაანონსდა, ალბათ ამის შედეგია, რომ ევროპიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ ძალიან მკაფიო გზავნილები იყო. მათ თქვეს, რომ ყველა ეს საკითხი ვენეციის კომისიაშია გასავლელი. იყო საუბარი იმაზეც, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხის სწორად გადაწყვეტა. ჩვენმა კოლეგებმა ევროპიდან ძალიან მკაფიო გზავნილები ჩამოიტანეს, რას ელოდებიან ისინი. ხელისუფლების წარმომადგენლების, ცოტა არ იყოს, ჭკუის სწავლებაზე მათ გვითხრეს, რომ ელემენტარული ცივილიზაციური წესია – თუ გნებავთ კლუბში შემოსვლა, მაშინ იმ კლუბის კრიტერიუმებს უნდა დაემოეჩილოთ. მობრძანდით და რომ შემოხვალთ ამ წესებით, შემდეგ ერთად ვისაუბროთ, თუ სხვანაირი ევროკავშირი გინდათ, რომელიც ქართულ სტანდარტებზე იქნება მოწყობილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ასევე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ევროპამ ნეგატიური მესიჯი მიიღო.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, ბორელმა განაცხადა, რომ ის არ არის ქართული კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ იმპიჩმენტზე დაწყებული საუბარი ამ დროს, ასეთ ვითარებაში საკმაოდ პრობლემური იყო და ნეგატიური მესიჯი მიიღეს ევროპაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.