დავით უსუფაშვილი - არ დაიჯეროთ, რომ პოლიტიკა ისაა, რასაც დღეს ხედავთ და რომ ჩვენი ქვეყნის მაქსიმუმი ესაა და მეტი არ შეგვიძლია
ჩვენ ვართ არა პოლარიზებული, არამედ ფრაგმენტირებული და დაქუცმაცებული, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრობლემაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„პრეზიდენტი უნდა იყოს ის ფიგურა, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთ საერთო სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მე ეს შემიძლია, რაც ჩემი პოლიტიკური საქმიანობით დავამტკიცე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარმოუდგენია მას განსხვავებულ პოლუსებზე მყოფ პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და ერის ერთიანობის დაცვა, რადგან პრეზიდენტის ფუნქციებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, დღეს, ჩვენს დაქუცმაცებას პოლიტიკა უწყობს ხელს.
„ამიტომ, მინდა, მოქალაქეებს მივმართო. არ დაიჯეროთ, რომ პოლიტიკა ისაა, რასაც დღეს ხედავთ და რომ ჩვენი ქვეყნის მაქსიმუმი ესაა და მეტი არ შეგვიძლია.
სინამდვილეში, ჩვენ მეტად შეგვიძლია კონსოლიდირება და საერთო სახელმწიფოებრიობის გაფრთხილება. ამ საკითხში ყველას დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით კი, საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, პრეზიდენტს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპონენტებთან ურთიერთობაში ის თანმიმდევრულია.
„მე არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. მე ვამბობ, რომ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია; მე არ ვამბობ, რომ მას საქართველო არ უყვარს, მაგრამ ვამბობ, რომ ის 1990-2003 წლებში საქართველოს სამსახურში არ იყო, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, როცა ეს ქვეყანა იქმნებოდა. არ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში „ნაციონალების“ ადგილი არ არის; მე ვამბობ, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი არ არის, რადგან ექსპრეზიდენტი, რომელმაც მოქალაქეობაზე უარი თქვა, არ შეიძლება, ქვეყანაში მოქალაქედ დაბრუნდეს და პოლიტიკაში ჩაერიოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.