დავით ტყემალაძე - ქართული ღვინის ექსპორტის კლება სავარაუდოდ ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა, თუმცა დარგი გამართულია და ვფიქრობ, წელს ზრდით დავასრულებთ
დავით ტყემალაძე - ქართული ღვინის ექსპორტის კლება სავარაუდოდ ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა, თუმცა დარგი გამართულია და ვფიქრობ, წელს ზრდით დავასრულებთ

მიმდინარე წლის დასაწყისში ქართული ღვინის ექსპორტის კლება სავარაუდოდ ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა, თუმცა დარგი გამართულია და ვფიქრობ, წელს ტრადიციულად ზრდით დავასრულებთ,- ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქართული ღვინის და ზოგადად მეღვინეობის დარგის პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, რა არის კლების გამომწვევი მიზეზი და როგორია მთავრობის მარკეტინგული გეგმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ღვინის ექსპორტის კლება წლის დასწყისში, სავარაუდოდ, ჩინეთში კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა, თუმცა როგორც წესი, ექსპორტის კლება მესამე თვიდან სტაბილურდება და წლის ბოლოს ზრდით სრულდება.

„შარშანაც ასე იყო და კლების წილი ყოველთვის ჩინეთზე მოდის, რადგან ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. შესაბამისად, ნებისმიერი პრობლემა, იქნება ეს ლოგისტიკური, პოლიტიკური თუ არ მინდა ახლა ვირუსს დავაბრალო, რადგან შეიძლება ცალსახად ამის ბრალი არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ვირუსის თემაც და ცუდი სტარტი ყოველთვის ასეთი მიზეზების ბრალია. ამ შემთხვევაშიც ალბათ ამასთან გვაქვს საქმე. როგოც წესი, როგორც მონაცემები აჩვენებს, მესამე თვიდან მონაცემები სტაბილურდება და მერე ტრადიციულად წელს ზრდით ვასრულებთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის გულშემატკივრები ხშირად მიუთითებენ, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ჯერ კიდევ დაბალია. ტყემალაძის განმარტებით, ფასი ადეკვატურია და ბოლო წლებში წლიურად 20-25 ევროცენტით და აშშ ცენტით იზრდება.

„ჯერ ერთი, არ არის დაბალი, უკვე მეოთხე-მეხუთე ადგილზე ვართ და იტალია-გერმანიასთან ვიყოფთ ადგილებს. რაღაცასთან შედარებით დაბალია, რაღაცასთან შედარებით მაღალი. მაგრამ მეღვინეებზე მეტად ცოტა სპეკულატური მოსაზრებები ისმის ხოლმე. კეთილის მსურველები ბუნებრივია ქართულ ღვინოს ჰყავს, მაგრამ ეს რაღაცაზე დაყრდნობით უნდა ითქვას. როცა შენი ქვეყანა მსოფლიოში ვენახების ფართობის მიხედვით 26-ე ადგილზეა, მოწეული ღვინის მოსავლით კი 21-22-ე ადგილზე, თან ამ მოკლე პერიოდში ახერხებს, რომ ფასის კუთხით პრემიუმ და ელიტურ კლუბში მოხვდეს, ეს უკვე ადგილის დამკვიდრებაა, რადგან პროცესი შეუქცევადია. ყოველ წელს ლიტრაზე დაახლოებით 20-25 ევროცენტისა და აშშ დოლარის ცენტის მატება გვაქვს . ეს არ არის უმნიშვნელოა ნაბიჯები და უკვე მესამე-მეოთხე წელია ეს ნიშნული შენარჩუნებულია“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი განმარტებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თვითმიზანი პირველობა კი არ არის, არამედ ხარისხიანი პროდუქციის გატანა, ბაზრების დივერსიფიცირება და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე. ფასის მატებას კი ამ სტრატეგიის შედეგად გაზრდილი მოთხოვნა უზრუნველყოფს.

„ამას წინათ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნეთ ნიმუშები. არ მინდა წინასწარ ვთქვა სად, აფრიკის კონტინენტი საერთოდ ყამირია, აღმოსავლეთ ევროპაში იქ, სადაც ქართული ღვინის მეხსიერება და კულტურა ჰქონდათ და ცნობადობა კარგი იყო, თავიდან ვიწყებთ ამ პროცესს, რადგან გარკვეული წყვეტა იყო. არც სახელმწიფოს, არც სამინისტროს და ბუნებრივია, არც სააგენტოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ ერთბაშად ყველაფერს მოვედოთ. ზუსტად იმ გეგმაზომიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკის შედეგია, რომ ყოველ წელს პლუსით ვამთავრებთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი აზრით, მიუხედავად წლის დასწყისში არსებული შეფერხებისა, წლევანდელი წელიც ექსპორტის ზრდით დასრულდება.

„მე მგონი წელს ტრადიციულად დავასრულებთ პლუსით. თუმცა მართლა რთული მდგომარეობაა ამ ვირუსის გამო, ძალიან გაუჭირდა სტარტის აღება. შარშან სხვა მიზეზები იყო ჩინეთთან დაკავშირებით, შიდა ლოგისტიკური პრობლემები იყო პოლიტიკური თვალსაზრისით და ამის ანალიზი საკმაოდ დიდხანს მოვუნდით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საწუწუნო არაფერია. იმედიანად ვართ, დარგი გამართულია და ფეხზეა იმისთვის, რომ წელს პლუსით დავასრულოთ“, – განუცხადა დავით ტყემალაძემ „ბიზნესპარტნიორს“.