დავით სუბელიანი - ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც მომხმარებელს, ასევე მთლიანად საზოგადოებას
დავით სუბელიანი - ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც მომხმარებელს, ასევე მთლიანად საზოგადოებას

ამ ქვეყანაში, ჩემი ჩათვლით, ნარკოტიკის ასი ათასობით მომხმარებელია და კანონი როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიყავით, ვარსებობთ და ვიარსებებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, დავით სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ვარსებობთ, ნარკოტიკს ვყიდულობთ, ერთმანეთში ვყოფთ და მთელ ამ ქცევებს ვახორციელებთ. ხან ცოტა გვაქვს, ხან მეტი, მაგრამ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მაშინ, დადგნენ და ყველა დაგვიჭირონ“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ განგრძობადი, უწყვეტი რეპრესია მიმდინარეობს.

„სინამდვილეში, სახელმწიფოს არ სურს, ნარკომანია აღმოფხვრას. მას რეპრესიული ხელი სჭირდება, რომ დროდადრო ადამიანები მოგვტაცოს. დღეს მთელი საქართველო შეთანხმებულია იმაზე, რომ ძალიან საშინელება ხდება, როცა რუსის ჯარისკაცები სამაჩაბლოში ადამიანებს გვპარავენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არაფრით განსხვავებული არ არის. ამ თემში, თბილისში და დანარჩენ საქართველოში, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არ ვართ, მაგის არ გვეშინია, მაგრამ სხვა რაღაცის გვეშინია. პოლიცია ძმებს და დებს რვა წლით გვპარავს. მე რომ რუსის ჯარი მომიპარავს, შეიძლება, ცოცხალი გადავრჩე, ან ვერ გადავრჩე, აქ კი, ნარკოტიკის მოხმარების გამო ციხეში რვა წლით მივდივარ“, – განაცხადა სუბელიანმა.

როგორც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა აღნიშნა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ძალიან დიდ ზიანს აყენებს როგორც მომხმარებელს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.

„ბოლო ორი–სამი წელია, მომავალთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებაში სრული კონსოლიდაცია და აბსოლუტურად ნათელი შეთანხმებაა, რომ ნარკოპოლიტიკა გასაჰუმანურებელია და დეკრიმინალიზაცია გასაკეთებელი. პოლიტიკურ პარტიებს ეს პირდაპირ საარჩევნო პლატფორმაში უწერიათ, რომ მომხმარებელი ციხეში აღარ უნდა მიდიოდეს“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, დასახული პოლიტიკური ამოცანები, რამაც განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროსთან უნდა მიგვაახლოოს, მაგიდაზე დევს და არაფერი იცვლება.

„ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კოტე ჯაფარიძე დააკავეს და საინტერესოა, ათასობით ადამიანი ქუჩაში რისთვის გამოვიდა?! უამრავი ენერგია, მედიის დრო, პოლიტიკოსთა კომენტარები რისთვის დაიხარჯა?! რა თქმა უნდა, ეს ადამიანი შემდეგ გარეთ გამოვიდა, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში რა ვისწავლეთ?! ორი გრამი ნარკოტიკის გულისთვის, რომელიც გაწიე–გამოწიე, ათი ადამიანის ულუფაა, ადამიანს კვლავაც რვა წელი ეძლევა მაშინ, როცა ახლა ხელში თოთხმეტი რუსული კალაშნიკოვი რომ მეჭიროს, ორიდან ექვს წლამდე მომცემენ“, – განაცხადა დავით სუბელიანმა.